საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა.
ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი.

დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ.
ასოციაცია უზრუნველყოფს ასევე მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საჭირო სასუქების, შხამქიმიკატებისა და ინვენტარის გამარტივებულად შეძენის მიზნით.
2019 წელს ასოციაციის მიერ განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი” (G-HIP). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 14,000-მდე მეთხილე ფერმერი, რომლებსაც უსასყიდლოთ გადაეცათ 1450 შესაწამლი აპარატი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ განაპირობა თხილის მოსავლის როგორც ხარისხობრივი გაუმჯობესება, ისე საჰექტრო მოსავლიანობის ამაღლება და შესაბამისად ფერმერთა შემოსავლების გაზრდა.
პროგრამა გაგრძელდა 2020 წელსაც, რომლის განმავლობაში ასოციაციაში გაწევრიანდა დამატებით 10 000-მდე თხილის მწარმოებელი ფერმერი რომელთაც დამატებით გადაეცათ 910 შესაწამლი დანადგარი.